ლაშარი

ლაშარი

ლაშარის ჯვარი  მდებარეობს უკანა ფშავში, ერთ მაღალ მთის ქედზე, რომელსაც "ხმელგორს" უწოდებენ. გვერდით ჩამოუდის პატარა ხევი – ლაშარის წყალი, რომელიც არგავს უერთდება.

ლაშარის გორს არც თუ პატარა ფართობი უკავია. გორი უტყეოა და მისავალადაც მარტივი არ არის.  გორის თავზე ლაშარის ხატია დაბრძანებული, რომელიც ყორის გალავნით არის შემოსაზღვრული. ხატი დაჩრდილულია მუხისა და იფნის ხეებით. ხატის გალავანი წმინდა და შეუვალია, სადაც ხევისბრებისა და მოწმინდარების გარდა შესვლა არავის შეუძლია.

ხატის გალავნის გარეთ ხატის სასანთლეა აშენებული, სადაც ასვენია წმინდა გიორგის ხატები და ჯვრები. აქ ხევისბრები მხვეწართ ამწყალობნებენ, სანთლებს უნთებენ და საკლავსაც ხოცავენ.

ხატის გალავანში მოთავსებულია თუნუქის გუმბათიანი საზარე ორი ზარით. ერთ–ერთ ზარს აქვს შემდეგი წარწერა: "შემოვწირე სახლთუხუცესმა ბებურიშვილის პაპუას მოსახსენებლად ფშავის ლაშარის გიორგის  ქკს ტავ 1628".

ხატის გალავანშივე, ახალი საზარეს ქვემოთ დაცულია შედარებით ადრეული პერიოდის პირამიდულსახირავიანი საზარე და ხატის ბეღელი. აგრეთვე აქვეა საბერო, სალუდე, სახარბაკე და სხვა, რომელთა ნაწილი დღეისათვის, სამწუხაროდ, დანგრეულია. ამ საზარეში სამი საზედაშე ქვევრია ჩაფლული, რომელშიც წინათ ახმეტიდან მოტანილი კულუხის ღვინოს ასხამდნენ. ახმეტაში ლაშარის ზვრებს ფშავის თემები მორიგეობით ამუშავებდნენ.

ამ ძველ საზარეში ასევე ორი ზარია დაკიდებული. ერთ–ეერთზე არის ასეთი წარწერა: "ქ: ესე: ზარ: შემოვწირე: მე: ერისთავმა: რევაზ: შენ წმინდას: გიორგის: ლაშას:". ამ ზარს "ერისთვისეულს" უწოდებენ და გადმოცემით ლაშარისათვის ზურაბ ერისთავს შეუწირია.

ზურაბ ერისთავთან დაკავშირებით არსებობს ასეთი თქმულება: ზურაბ ერისთავი იბრძოდა ფშავის ხევის დასაპყრობად, მაგრამ მისი ყოველი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. შემდეგ მან გადაწყვიტა, ფშავლების დიდი სალოცავი – ლაშარი – შეემუსრა.  ლაშარის ამ ხმელ გორაზე ბერმუხა მდგარა, რომელიც ოქროს ჯაჭვით ზეცაში იყო მიბმული. მასზე მუხის ანგელოზი ადიოდ–ჩამოდიოდა. ზურაბს სცოდნია ამ მუხის მუხის მფარველი ანგელოზის ძლიერება, მოუნდომებია მუხის მოჭრა, ანგელოზის მოშორება, რათა შემდეგ ფშავლები ადვილად დაემარცხებინა.  მისი ბრძანებით, ლაშქარი მუხას შეესია და მოჭრას შეუდგა, მაგრამ ცულის ყოველ დარტყმაზე ატეხილი ნაფოტი მუხას ისევ ზედ ეკვროდა და ბერმუხა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ბოლოს ერთ უკანაფშაველს, გვარად აფციაურს, ხატისთვის უღალატნია. მისულა ზურაბთან და უთქვამს, თუ მუხას კატის სისხლს მოსცხებთ. ანგელოზი მიატოვებსო. ზურაბიც ასე მოქცეულა. მიატოვა ანგელოზმა ბერმუხა და წაიქცა კიდეც იგი. მაგრამ ზურაბ ერისთავს ფშავის ხევი მაინს ვერ დაუმორჩილებია, და ცოდვის მოსანანიებლად ეს ზარი შეუწირავს.

ხატის გალავანზე რკინის ბორკილი  -"ჯალანდარი"   ჰკიდია. მისი სიგრძე 3.4 მეტრია ხოლო წონით დაახლოებით 30 კგ-ს იწონის. ამ ჯალანდარის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს: პირიქით ხევსურეთში არღუნის ხეობაში უცხოვრიათ გვარად ჯალაბაურებს. მათი გვარი საკმაოდ ძლიერი გვარი ყოფილა. ისინი ქისტებთან ერთად ფშავის ხევს ხშირად ესხმოდნენ თავს და აოხრებდნენ. ბოლოს ჯალაბაურები ისე გაკადნიერებულან, რომ ფშაველთა დასამცირებლად რკინის ბორკილი გაუკეთებიათ, რომლითაც ვითომდა ლაშარის ჯვარი უნდა დაებათ. ამაზე ლაშარის ჯვარი გაბრაზებულა, ჯალაბაურების ოსტატი დაუმიზეზებია, რომელსაც შემდეგ ეს ჯაჭვი თავისი ხელით მოუტანია ლაშარში. მოგვიანებით, ჯალაბაურთა თავგასულობით მოთმინებადაკარგულმა ფშავლებმა მოისყიდეს მათივე სიძე - საგინა, რომელმაც ამოწყვიტა ჯალაბაურები, თავად კი ფშავის ხევს შეაფარა თავი - დასახლდა გოგოლაურთა თემში და  მათ ძმად გაეფიცა. დღეს მათი შთამომავალნი საგინაშვილებად იწოდებიან.

ლაშარშივე არის არხოტიონებისა და თუშების სამანები. გადმოცემით, არხოტივნებსა და ფშავლებს ერთმანეთში შუღლი ჰქონდათ. ერთხელ ლაშარობას არხოტელები გადმოპარულან ფშავში საომრად. მაგრამ ეს ამბავი თავხევისბერს ფოცხვერა მახანცაურს მალევე შეუტყვია და არხოტელები შეუპყრიათ. მისივე მოწოდებით სისხლიანი ანგარიშსწორების ნაცვლად, მათ ერთმანეთისათვის პირობა მიუციათ სამუდამო შერიგებაზე და ნიშნად ეს სამანიც ჩაუგდიათ.

მეორე სამანი თუშების მიერ არის ჩაგდებული. თუშები თილისძის მეთაურობით ასევე ხშირად სტუმრობდნენ ფშავის ხევს სამტროდ და გასაპარტახებლად. ერთ-ერთი შემოსევისას ხოფ. ხოშარასთან დიდი ბრძოლა გამართულა, რომელშიც თილისძე დამარცხებულა. დამარცხებულ თილისძეს ფშავლებისათვის შერიგება უთხოვია და ნიშნად ლაშარობას ზვარაკად თეთრქორა ხარი მიუყვანია, ორივე მხარე ძმებად გაფიცულან და ამის ნიშნად ეს სამანიც აღუმართავთ. მას შემდეგ, თურმე თუშებს ლაშარის კარზე საკუთარი საჯარე ჰქონდათ.

ლაშარის ჯვარი წინათ თავისი განძეულობით და ჯვარ-ხატებით სალმაოდ მდიდარი ყოფილა. მის შესახებ ვახუშტი ამბობს: "აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას-ჯუარს და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავში, ვერც ხევსურეთი, უკეთუ იშოვნის ოქრო ანუ ვერცხლი, ვერსაით იხმარებენ თვისად, არამედ მიუძღვის ლაშას ჯვარს" (ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, ტფილისი, 1904წ. გვ. 139).

ლაშარში ხატობა რამდენჯერმე იმართება, მაგრამ თავდღეობა - სერობა პერტე-პავლობის მარხვის დასრულების შედეგ პირველსავე ორშაბათს აღინიშნება.

 

მომზადებულის ს.მაკალათიას "ფშავის" მიხედვით


სასანთლე. ლაშარის ჯვარი
იახსარი
ლაშარი
 
ლაშარის ჯვარი

ლაშარის ხევისბერი