ტრადიციები

ხატები

ფშავურ ხატებს განსაზღვრული აქვს თავისი ღვთაებრივი ფუნქცია და სამოღვაწეო არე. ამისდა მიხედვით ფშავური ხატები იყოფა: სასოფლო, სათემო და საერთო ხატებად. მათ შორის ყველაზე პატარა სასოფლო ხატია, რომელსაც ერთი სოფელი ლოცულობს. მასზე დიდია სათემო ხატი და ყველაზე დიდი და ძლიერი კი საერთო ხატია, რომელსაც მთელი ფშავის ხევი ლოცულობს. ფშაველებს თავიანთი თავი ამ ხატების ყმებად მიაჩნიათ, ხატები კი ფშაველებს „ოქროს ღილებად“ თვლიან. თავის ხატი ყოველმა ფშაველმა უნდა ილოცოს, რომ ხატმა ის არ დაამიზეზოს.






იახსარი

 

მაგალითად, დედისძმათ ხატი მფარველია თავის ყმათა დისწულებისა და თუ იმათ შველა მოისურვეს და მას არ მიმართეს, მაშინ შეიძლება ხატმა საყვედური თქვასო, განა მე არ შემეძლო ჩემ ყმას ან ოქროს ღილს ვუშველოო. ამიტომ ქალი თუ ავადობს, ეხვეწებიან ქმრის და მამის სალოცავებს, რომ მათი თავმოყვარეობა დააკმაყოფილონ.

სასოფლო ხატი ერთი სოფლის მფარველია და მას მისი მეკომურები ლოცულობენ. ეს სასოფლო ხატი ფშავში ყველგან მოიპოვება, რომელსაც „ადგილის დედას“ უწოდებენ და დღეს ღვთისმშობლობით ლოცულობენ. ადგილის დედის ხატის ნიში ჩვეულებრივი ფორმისაა და ზოგან ის შემკულია ირმისა და ზარის რქებით. წინათ ადგილის დედას ჰქონია საკუთარი მამული, რომელთაც ადგილის დედის ყმები ამუშავებდნენ თურმე. ადგილის დედის დასტურები გაზაფხულზე მუშანს შეყრიდნენ და მამულს ამუშავებდნენ, რომლის წინ სოფელი აქვე საღვთოს იხდიდა. ამ ყანას მუშანი მკიდნენ, მაგრამ კალოზე ძნის მიტანა, გალეწვა და პურის დაბინავება დასტურების მოვალეობას შეადგენდა.

ამასთანავე, ადგილის დედის ხატთან სოფელი იხდიდა „გუთნის სამღვთო“–ს, რომელსაც მხოლოდ მუშები და მხვნელ-მთესველები ესწრებოდნენ. აქვე ხდებოდა „ნაკვეთი დღის“ დადება და მისი ახსნაც. ადგილის დედას თავისი დღეობა და ჯვარობაც აქვს: ამაღლებას და მარიამობას, სადაც მხვეწარი საწირ-საკლავით თავს იყრის და მათ ხევისბერი ამწყალობებს. ადგილის დედის სახელით ფშავლები ფიცულობენ და იწყევლებიან. მონადირე ფშაველს სადმე თუ დაუღამდა, მასინ ის ადგილის დედას შეევედრება: „ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შამინახე შენის მადლით და დავლათითაო“.

 

სათემო ხატს ერთი თემისა და გვარის მეკომურები სცემენ თაყვანს. სათემო ხატის „სამწყალობნო“ და სამრისხველო ასპარეზი თემს. თემის ხატის ყმები ერთი გვარის ძმათაშვილებია და თემის ხატიც მათ მფარველად ითვლება. ამიტომ ავადმყოფი ფშაველი ვედრებით მიმართავს სამშობლო თემის „მამის სალოცავს“ და აგრეთვე „დედის სალოცავს“. ახალ დაბადებული ბავშვი „სამწყალობნოდ“ პირველად თავის სათემო ხატში უნდა მოიყვანონ. თუ ბავშვი ვაჟია, ორ საკლავს დაჰკლავენ: ერთ ბატკანს და ერთ ჭედილას. თუ ქალია, მარტო ბატკანი დაიკვლისო. ხევისბერს ეძლევა ცხვრის მხარ–ტყავი და ერთი წყვილი ჭრელი წინდა. ბავშვის ხატში გაყვანა და სისხლით განათვლა აუცილებელია. ამით ის ხდება თემის წევრი, სალოცავის ყმა და ხატის ოქროს ღილი.

სათემო ხატის საბრძანისი თითოეულ თემშია და ხატობას ფშავის ყველა კუთხიდან სალოცავად მოემგზავრებიან აქ.

სათემო ხატს ფშავში, ჩვეულებრივ, ორი საბრძანისი აქვს გამართული: ერთი საბრძანისი სოფელშია მოთავსებული, მეორე კი რომელიმე მაღალ მთისწვერზეა მოქცეული და ხატობას მხვეწარი ამ წვერის სალოცავად მიდის.

სათემო ხატის საბრძანისში აგებულია ფშაური ტიპის ნიშ–სამლოცველოები: ბეღელი, მკვრივი, სახარბაკე, სალუდე, საჯარე და სხვა.

სათემო ხატს თავისი საკუთარი მამული აქვს, ჰყავს ხატისა და კულტის მსახურნი: დეკანოზი, დასტური და მოწმინდრები.

ზოგიერთ სათემო ხატებს თავიანთი ცხვარ–საქონელიც ჰყავდა: პირქუშის ხატს (ახადში), იახსარს (შუაფხოში), ნაკვალესავს (ჭიჩოში), კოპალას (უძილაურთაში) და ცაბაურთის მთავარანგელოზს.

სათემო ხატი ფშავის ხევში სულ თერთმეტია: გოგოლაურის თემის ხატი ქმოდის წმ. გიორგია , უძილარის თემის – კოპალა (ციხე–გორი), ცაბაურის – მთაწმინდის მთავარანგელოზი, უკანაფშავის – წყაროსთავის წმ. გიორგი, გოდერძაულის – პირქუში, წოწკურაულის – ღვთისმშობელი, წითელაურის – კოტიას წმ. გიორგი, მათურლების – მთავარანგელოზი, ქისტაურის – იახსარი, ხოშარლების – სახუთმეტო (წმ. გიორგი) და ჭიჩოელების მთავარანგელოზი. სათემო ხატობები ფშავში იწყება ზაფხულში, ივლისის პირველი რიცხვიდან (ძველი სტილით) და ერთი თვე გრძელდება, რომელსაც ფშავლები „სერობა“–ს, „სამღთობა“–ს და ათანბეგობას უწოდებენ. ხატობა რიგით მიჰყვება და ყველა თემიდან ხატის ყმები თავიანთი სალოცავებისაკენ მიეშურებიან.

მაგალითად, შარახევლების, მიგრიაულების, ჩარგლელების და აფხუშოელების სათემო ხატი ცაბაურთის მთავარანგელოზია და ხატობას იქ მიემგზავრებიან. მაღაროსკარი , ხილიანა, გომეწარი და სხვა გოგოლაურების თემს ეკუთვნიან და ხატობას სალოცავად იქ მიდიან.

სათემო ხატში ზოგან სხვა ხატის ნიშიც არის, განსაკუთრებით ხშირია კვირიას ხატი, რომლებსაც ფშავლები საქონლისა და ადამიანის გამრავლებას შესთხოვენ.


უძილაურთა.
ხევისბერი
იოსებ კოჭლიშვილი

 

კულუხი

1725 წელს ირანის შაჰმა ააოხრა აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ კახეთი. კახეთის მმართველად დანიშნა სელიმხანი. სელიმხანმა დაიწყო კახეთში ციხე–სიმაგრეების აშენება და ამ ციხეებში თავისი ჯარის ჩაყენება. დიდი ალავერდის ტაძარი გადააკეთა ციხესიმაგრედ, ააშენა ბახტრიონის ციხე სადაც მმართველად დაჯდა. ჩამოასახლეს სპარსეთიდან მუსულმანთა განსხვავებული ველურთა ტომები „ელი“. შეუსია კახეთს და დაიწყო მათი დასახლება. გაპარტახდა მთლიანად კახეთი. ამ სიდუხჭირის ჟამს, პატრიოტმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა, დაიწყო საიდუმლო აჯანყებისათვის მზადება. მაცნე გაიგზავნა ფშავ–ხევსურეთში მოლაშქრეების მოსაწყობად. ფშავის თორმეტივე თემის ხევისბერი ლაშარის (გორზე) ნაკვეთურის მეთაურობით შეიკრიბა, სადაც გაიმართა ლაშქრობის მოწყობის გეგმა და ქვე ხევსურეთის მხრიდან ფშავში, კერძოდ ლაშარში გაერთიანდა ფშაველ–ხევსურნი. გადაიხადეს დიდი სამღვთო, დადეს ფიცი კახეთს დახმარებოდნენ. ფშავის თორმეტივე თემს ხელმძღვანელობდა ბერი ლუხუმი, ხევსურეთს – ხოშარეული. ბახტრიონს ფშავ–ხევსურეთი დაეცა, ალავერდს ბიძია ჩოლოყაშვილი. ამბის წამღები არავინ დატოვეს. მეფემ ფშავლებს ახმეტაში მიწები უბოძა საჩუქრად. ხევსურებმა სპილენძი და ვერცხლი აირჩიეს. თავისი იახსრის საპატივსაცემოდ ფშავლებმა მეფის ნაბოძარი მიწები თავის სალოცავს შესწირეს. გააშენეს ვენახი, ააშენეს ღვინის მარანი, დაუყენეს თავის მცველები და თავისი მომვლელები. იწურებოდა ღვინო და იხსენიებოდა თავისივე თორმეტი თემის სალოცავები. წელიწადში ორჯერ ფშავიდან იახსრის დროშა ხევისბრის წინამძღოლობით ჩადიოდა ახმეტაში და იქ იმართებოდა ხატობა. ხატიონს უკან დაბრუნებისას მიჰქონდა ახმეტაში დაწურული ღვინო იახსარში ხატობის ჩასატარებლად.

საბჭოთა პერიოდში ხატს ჩამოერთვა მამულები, დაინგრა და გაპარტახდა საზარეები, სასანთლეები, მარნები. მაგრამ მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ლაზარე ელიზბარაშვილის აქრიურობით და ახმეტის პრეფექტურის კეთილი ნებით ხატს მამულები კვლავ დაუბრუნდა. მას შემდეგ დაიწყო კულუხობის ტრადიციის ხელ-ახლა აღორძინებამ.

დღეისათვის ნიკოლოზ ელიზბარაშვილის თაოსნობით აღდგენილია საზარე და სასანთლეები. მის მიერვე შეწირულია ზარი, რომელიც ჩამოსხმული იქნა თავაძის სახ. მეტალურგიის ინსტიტუტის თანამშრომლის შოთა მიროტაძის მიერ.

კულუხობა დღესაც ტარდება ივლისში იახსრობის დღესასწაულზე. მეორედ ჯვართამაღლების სწორზე ახმეტაში.

 


სოფ. შუაფხო.. იახსარი.
დავითო ე;იზბარაშვილი და  უგემურ თვალერაშვილი .

 

ახალი წელი

ახალ წელს (14 იანვარს ახალი სტილით) „წელიწადი“–ს შესახვედრად ფშაველები წინადღითვე ემზადებიან და ამ დღეს „ლიტანიადღე“–ს უწოდებენ.

საახალწლოდ ხევისბერები ხატში მიდიან, იქ წმინდობენ და ხატს ღამეს უთენებენ. წინათ ხატში ხევისბერებისათვის თემს „სათეო“ უნდა მიერთმია. სათეო შობიდან იწყებოდა და ლიტანია დღემდის გრძელდებოდა. სათეო ხუთი დღე სცოდნიათ და თემს თავის ხატში ხუთი საკლავი უნდა მიეყვანა. ამ სათეოს თემში შემავალი მეკომურები რიგით იხდიდნენ და ამის და ამის მიხედვით ხუთ–ხუთ კომლს ყოველწელს სათემო ხატში რიგით თითო ცხვარი, ორი ქადა, ერთი ხორცისა და მეორე ერბოსი, შვიდი ხმიადი, შვიდი კვერი, ერთი სტილი (იწონის ორ კვერცხს) სანთელი და ერთი ჯორის ბარგი შეშა უნდა მიეტანა.

ლიტანიადღეს ფშავლები ოჯახის დასუფთავებას ადრიანად შეუდგებიან, რომ ოჯახს უსუფთაობა არ „დაეკვებოს“–ო. საკიდელზე ქვაბს ჩამოჰკიდებენ და ვახშმად ხორცს ხარშავენ; ლიტანიადღეს ოჯახი ქვაბშეუკიდელი არ უნდა დარჩეს, რომ ოჯახს ბარაქა არ გამოელიოსო. საღამოს მიაქვთ ნედლი ხის ნეკრიანი ტოტები და კარის ბჭეში შეაწყობენ.

ფშავლების რწმენით, ლიტანია ღამეს ციდან ანგელოზები ჩამოდიან და ახალწელიწადს ვინც უნდა მოკვდეს, სწერენ და ვინ როგორ ტანისამოსში დაიწერება, საიქიოში ისე წავაო.

ამიტომ ოჯახში ღამითვე შეუდგებიან ახალი ტანისამოსის ამოლაგება–მომზადებას, რომ ახალწელიწადს ახალ სამოსში მიეგებონ.

ვახშმის შემდეგ ოჯახის დიასახლისი ბედისკვერების ცხობას დაიწყებს. ბედისკვერები თანასწორია გარდა ერთისა, რომელიც ხუთჯერ დიდია და „ხარის გოგა“–ს უწოდებენ. თითოეულ ბედისკვერზე „სათავნო“ ნიშანია დასმული, რომელიც პატრონის შრომა–საქმიანობის დამახასიათებელია: მეცხვარისას ცხვრის ფარა, მეძროხისას – ძროხა, გუთნისდედისას – სახრე, პურის თავთავი და სხვა. ხარის გოგაზე კი გუთნის ნიშანის გამოყვანილი. ეს „სათავნო“ ნიშნები წერტილ–ხაზებითაა გამოსახული და კვერის გამოცხობის დროს ყველანი თავიანთ ბედის კვერებს გულის ფანცქალით უცქერიან, რადგანაც ხალხის რწმენით, ვისიც ბედის კვერიც გაფუვდება, ის სამზეოში იმატებს და ბედნიერიც იქნებაო. ბედის კვერი თუ ჩაითუთქა, ცუდია და ეს პატრონის უბედობის ნიშანიაო.

ლიტანია–საღამოს ოჯახის უფროსი კაცი ხატშიც მიდის, რომ ხატს წელიწადობა მიულოცოს. ყოველ შემთხვევაში, თემი მოვალეა, ხატში ამ დღეისათვის ორი კაცი მაინც გაგზავნოს. ხატის ეს მეკვლეობა ზოგიერთ თემში მორიგეობით იციან, ზოგან კი ხატში კომლზე კაცი მიდის და თან მიაქვს „საკაცო“–დ მამაკაცზე თითო სანთელი, ხმიადები, სასმელი და ხშირად საკლავიც მიჰყავთ.

ხევისბერი სანთლებს აანთებს და ღამის მთევლებს ამწყალობლებს. შემდეგ ვახშმობენ. დაანთებენ ცეცხლს და თბებიან. ცეცხლში ერთმანეთს ქუდებს ჩაუგდებენ, ზოგი ქუდს თვითონაც ჩააგდებს და გატრუსულს აიტაცებს.

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად ხმიადს გამოუცხობს და ერთმანეთს წელიწადობას ასე ულოცავენ:

„დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალმა წელმა, ახლით წლის გამოცვლამა“–ო. თბილ ხმიადს დიასახლისი ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ–ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველსა და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო“. ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მისდგამს, სუფრას სახელს შესდებს და ასე დაილოცება „ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, ყველა შენი გაჩენილია, შენ გაბარივით ცოცხალნიც, მკვდარიცა; შენისავე დიდებითა,შენისავე მოცემითა, შეიწყალოს (იტყვიან მიცვალებულთა სახელებს). თქვენამც მოგივალისთ, როგორც ჩვენ გაგვიმეტებავ, თუ ვისად გინდოდესთო, წილმსაც დაუდებთო, ძალად კი ნუმც ვინ შეგეცილებათ “. ამის შემდეგ დიასახლისი ოჯახის წევრებს თაფლს და ხოლს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის ხატის ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდა არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეტებას შეუდგებიან.

ხატში ახალწელიწადს დილას მეკვლეებმა ხატის დარბაზს უნდა შეუკვლიონ:

„ღმერთმა გაგაძლიეროს, ჩვენო სალოცავო, ყმები გაგიმრავლოს, ზიანი ნურასა მოგცეს, მტერი დაგიმარცხოს, კეთილად მოგიხდინოთ ჩემი მეკვლეობა შენა და შენს ყმათა“–ო.

შემდეგ ხევისბერი ლუდიან ჯამს გამოიტანს, შიგ პურის ლუკმებს ჩაყრის და იქ მყოფთ ახალწელიწადს მიულოცავს, თოვლსაც მიაყრის და ეტყვის: „ასე თეთრად დამიბერდითო“. ისინიც უპასუხებენ: „ეგრემც შენ შენიანათო“. მეხატეებს ხევისბერი ლუდში გაფუებული პურის ლუკმებით „დააბერებს“ და ეტყვის: „ასე ფუვდითა“–ო. შემდეგ ხევისბერი „ხატის სამეკვლეო“ საკლავს დაკლავს, რომელასც მოხარშავენ და იქვე შეჭამენ. ჩქარა ღამისმთევლები შინ წასასვლელად აიშლებიან. ყველას ქუდებს მოხდიან და ნაბადის ქვეშ დამალავენ. ხევისბერი გამოვა, ნაბადში ხელს შეყოფს და პირველად ვის ქუდსაც გამოიღებს, ის ხატის მეკვლეა და სოფელში პირველად ის უნდა ჩავიდეს. ხევისბერი მეორე ქუდსაც გამოიღებს და ამ ქუდის პატრონი კი „ჯარის დედაა“, მეხატეებს უნდა გაუძღვეს და სოფელში ჩაიყვანოს. მეკვლესა და ჯარის დედას ხშირად თოვლში აბურთავებენ და გუნდებსაც ესვრიან.

ხატიდან გამობრუნებისას ოჯახის უფროსი ხატის მეკვლეთა შორის ერთს რომელიმეს ოჯახის მეკვლედ წამოიყვანს, თუ ის პირი კარგი ფეხისად მიაჩნია. მეკვლედ შინაური არ იქნება. იწვევენ მეზობელს, ვინც კარგი ფეხითა და თვალი არს ცნობილ. მეკვლეს სახელით გამოძახება არ იქნება. მას სახლის კარებზე სამჯერ მიუკაკუნებენ, ზოგჯერ ქვასაც ესვრიან და ამ ნიშნით მეკვლე გამოდის და სამეკვლეოდ წავა.

დიასახლისი კარის ზღურბლთან მეკვლეს საახალწლო ხონჩას მიაგებებს, რომელზედაც ალაგია ხილი, ხარის გოგა, თაფლიანი ჯამი, პურ–ყველი, ხინკლები, თეთრი მატყლი და სხვა. მეკვლე აიღებს „ხარის გოგას“ და კარის ზღურბლიდან სახლში სამჯერ შემოაგორებს. ბედისკვერი თუ „წაღმა დადგა“ და ის მხარე, რომელზედაც ხარ–გუთანი და საოჯახო საქმეებია გამოსახული, ზევით მოექცევა, ეს ნიშნავს კარგ მოსავალს და ოჯახის ბარაქიანობას, წინააღმდეგი შემთხვევა კი ოჯახისათვის ცუდის მომასწავლებელია. შემდეგ მეკვლე სახლში შემოდის და ასე დაილოცება:

„ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, კარგამც მოგიხდებათ ჩემი მეკვლეობა, დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალის წლის გამოცვლამ გიმატოთ თავის კაცით, საქონით“ და სხვა.

წინათ ფშაველი მეკვლე ასე დაილოცებოდა თურმე: „გწყალობდეთაო ლაშარიო, ხახმატიო, გმირ–კოპალეო, ბერ–ბაადურიო გუდანიო, იახსარიო. გწყალობდეთაო მაღალი ღმერთიო, იმ დიდი ხელმწიფის დავლათიო: თაობითაო – დასტურ–ხელოსანთაო, აქ მყოფ დარბაისელთაო, მხვევსაო და მხვეწსაო; სიხარულად გაგიხადოსთაო ზღვნობაიო, ყმობაიო; გიშველოსთაო, ლაღის მტრისადაო, მწარის ციკვდილისადაო, უზიანოდ შეგინახოსთაო: კაცითაო, ქალითაცაო, საქონლითაცაო; კაცსა მოგიმატოსთაო, სოფელ აგიშენოსთაო, მსჯელთა მსჯელობა ნუ დაგიკარგოსთაო, დასტურთ გწყალობდესთაო; მშვიდობით დადებულ უღელ მშვიდობით გადაგაღებიოსთაო; მემუხლესა მუხლებ შეგარჩინოსთაო, მტერზედ მოგახმაროსთაო; ღვინიანებსა ხელთა გაამოსთაო, მრავალ ახალწელ გაგითენოსთაო. მე გლოცენითო, თქვენსამ კვნესამეო, მღვთისამ–კი პირითა დაილოცებითო“.

ამაზე მეკვლეს უპასუხებდნენ: „ეგრევ შენ შენიანად, ღმერთმა შენი თავი გვიცოცხლოს, დიდხანს აუბნოს შენი ენაპირიო“, მეკვლეს დიასახლისი თაფლს შეაჭმევს: „ესე ტკბილად დამიბერდი“–ო. მეკვლე კერასთან მივა, აიღებს მუგუზალს, წაჩხრეკს ცეცხლში და რამდენიმე ნაპერწკალი გასცვივა, იტყვის: „ამდენი შვილი, საქონელი და კარგა ყოფნა თქვენთვის იყოსო“.შემდეგ მეკვლეს სუფრაზე დაიწვევენ და უმასპინძლდებიან. წასვლისას კი მეკვლეს ჯიბეში თხილ–კაკალს ჩაუყრიან.

შუადღისას ოჯახში სამ სუფრას დადგამენ და სამივეს ცალ–ცალკე სახელს შედებენ: ერთი სუფრა ოჯახის მიცვალებილებისაა, მეორე მოუგონებელი მკვდრებისა და მესამე კი უპატრონოების. ოჯახის უფროსი სანთლებს აანთებს, წყალსა და არაყს სუფრასთან მიდგამს და იტყვის:

„ღმერთო, შენი დიდებითაო, ღმერთო, შენის მოცემითაო, ღვთის წესითაო, ელუსამეთის მადლითაო, ცოცხალნიც შენ გეხვეწებიან, მკვდარნიც შენ გბარიან. თუ სააქაოს ნათქომი საიქიოს სულწმინდას ემსახურებოდეს, თქვენამც მოგივათაო, ჩვენო დედ–მამანო, ჩვენნო მიცვალებულნო, ძველნო და ახალნო.“