ფაუნა

მურა დათვი (Ursus arctos Linneaus, 1758)
ოჯახი დათვისებრნი - Uursidae (Cray, 1825).

კავკასიური მურა დათვი

დათვი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს მრავალგვარ ბიოტოპში, ჭარბტენიანიდან დაწყებული, არიდულით დამთავრებული. გვხვდება აგრეთვე თითქმის ყველა ვერტიკალურ სარტყელში, ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე.
კავკასიური მურა დათვი. საქართველოში უმთავრესად მაღალი ტყეების ბინადარია; იგი მტაცებელია. მამალი დათვის წონა სამას კილოგრამამდე აღწევს, დედალი კი ტანითაც და წონითაც ნაკლებია.
დათვი ყველაფრის მჭამელია უმთავრესად მცენარეულით იკვებება. განსაკუთრებით უყვარს თაფლი ჭამს ჭიანჭველის ჭუპრებს, ჭიაღუას. მშიერი დათვი ხშირად სასარგებლო- ნადირ-ფრინველის და შინაური პირუტყვის ხორცითაც იკვებება, არ იწუნებს ლეშსაც, მაგრამ ყველაზე დიდ ზიანს აყენებს სიმინდის, ხორბლის, ქერის, ჭვავისა და სხვა ნათესებს მთის კალთებზე.
ცივ ქვეყნებში დათვი ზამთრის ძილს ეძლევა თავის ბუნაგში, ჩვენშიაც ზამთრობით ბუნაგშია ხოლმე, მაგრამ თბილ ამინდში გამოდის და საკვების მოსაპოვებლად დარბის.
ჩვენებური დათვი, საერთოდ მშიშარაა ერიდება ადამიანს და გაურბის მას, ხიფათის შემთხვევაში კი შეუპოვარია და საშიში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაჭრილია.
დათვის მძუნაობა ჩვენში ივნისიდან იწყება მაკეობს 280 დღეს, რის შემდეგ თავის ბუნაგში იგი ორ-ოთხ ბელს შობს. დათვის მძუნაობა ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ორი წლის დათვი უკვე ზრდასრულია.

 

 

ირემი. კავკასიური ირემი. (Cervus elaphus Linnaeus).

კავკასიური ირემი

ფშავში მხოლოდ კავკასიური ირემი ცხოვრობს მას აგრეთვე კეთილშობილ ირემს ეძახიან. მთელი რიგი ნიშნებით ის განსხვავდება სხვა სახის ირმებისაგან (ციმბირის, ყირიმის, ხალებიანი ირემ-ლაღისაგან და სხვა). კეთილშობილი ირემი საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა Cervus elaphus maral (Ogilby, 1840) ირმის გავრცელების არეალი ფშავში მოიცავდა მნიშვნელოვან ნაწილს, რაზეც მიუთითებს ფშაური ტოპონიმიკა "ირემტკალო". ამჟამად ირემი შემორჩენილია ერთეული ინდივიდების სახით.

ირემი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე.

 

შველი (Capreolus capreolus Linnaeus,1758)

შველი

ფშავში გავრცელებულია ქვესახეობა C.c. capreolus Linnaeus, 1758
შველი ბინადრობს ძირითადად ტყის სარტყელში, იშვიათად გვხვდება სუბალპურში. ევრიტოპური სახეობაა. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე.

კოხტა, სწორ ფეხებზე შემდგარი მკვრივი ტანი, ლამაზი თავი, მეტად მოხდენილი ტუჩებით, დატოტილი, ზემოთ აშვერილი წვრილი რქებით და შავი ფართო თვალებით, - იგი ჩვენი ბუნების ნამდვილი მშვენებაა. როგორც ირემს, ისე შველსაც რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელსაც, ამ ოჯახის ჩვეული წესით, ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში იცვლის.
წონა: 22-30კგ.  ყურების ზომა: 12-14სმ.; კუდი რუდიმენტულია 2-3სმ; სხეულის სიგრძე 107-126სმ. სიმაღლე ნიდაოში (ხორკა): 70-90სმ.

შველი ბინადრობს ტყის სარტყელში, უმთავრესად მეჩხერ, ნათელ ფოთლოვან ტყეებში გვხვდება. იშვიათად გვხვდება სუბალპურში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. მცენარეული საკვებით საზრდოობს, უჭირს დიდ თოვლში გადაადგილება და საკვების მოპოვება. მაკეობს აგვისტო-სექტემბერში. შვილის მაკეობა თითქმის 9 თვეს გრძელდება და მაის-ივნისში შობს ერთ, ორ და ზოგჯერ სამ ნუკრს.

 

ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena).

ზოლებიანი აფთარი

ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 60-85 სმ, სხეულის სიგრძე 95-120 სმ, კუდის 26-45 სმ, წონა 25-45 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს. ზურგზე 20 სანტიმეტრამდე ფაფარი ეზრდება.

 

 

 

 

 

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis)

ჯიხვი

იგი კავკასიის ენდემია. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში. გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრამდე. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია. ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს. ჯიხვი მეტად გემრიელი ხორცის, კარგი ტყავის, მოხდენილი რქებისა და ლამაზი აგებულების ცხოველია. დედალ ჯიხვს პატარა და უფრო წვრილი რქები აქვს. ნადირობა ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული და ამიტომ ყველასათვის მისაწვდომი არ არის. ჯიხვი ბინადრობს ძნელად მისადგომ, მაღალ კლდეებში, არის მეტად ფრთხილი და მარდი ცხოველი.
ამჟამად ჯიხვზე ნადირობა აკრძალულია. იგი წითელ წიგნშია შეტანილი.

 

 

არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicarpa caucasica).

ფსიტი

ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან - 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც.  კავკასიური არჩვი იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს.

 

 

 

 

 

კავკასიური როჭო

როჭო

კავკასიური როჭო ენდემიკოსია. იგი უმთავრესად  განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზემო ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახეულში ზღვის დონიდან 1800-2500 მეტრის სიმაღლეზე. მამალი როჭო მთლად შავი ხავერდოვანი ბუმბულითაა დაფარული. წითელი წარბები ამშვენებს მას, ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი აქვს. ტანი ლამაზი კუდით მთავრდება. დედალი როო რ რუხი ჟანგისფერია, გრძელი კუდით.

როჭო 10 კვერცხს დებს და 6-7 წიწილას ჩეკს.

 

 

 

კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus).

შურთხი

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, წონა 2 კგ. ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულია კავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800-4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს - ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8-10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს).

 

 

 

 

 

ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens). 

გნოლი

გნოლი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები).

 

 

კაკაბი (Alectoris graeca)

კაკაბი

კაკაბი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. ბინადრობს ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით.