ფშავლები

მიხა ხელაშვილი – ლექსები

მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი

 

 სალომე – მიხა ხელაშვილის და

სალომე – მიხა ხელაშვილის და

მიხა ხელაშვილის ქალიშვილი თამარ ხელაშვილი

"ლექსო ამოგთქომ ოხერო" – ხელნაწერი

 

მიხა ხლეაშვილის  ხელნაწერი

ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეფიცულთა რაზმში

 

ლექსო ამოგთქომ

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე...
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

 

დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო;
გეწია ფშავის არეო,
დროება წინა ჟმისაო,
როდესაც დედის კალთაზე
ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.
 შორს მიდიოდა ტყვიაი
სალეკო ბილიკისაო,
იხოცებოდა მრავალი,
კრებოდა შუქი მზისაო.
ხან კი გადავდის კაცის ძე
დასამარხავად მკვდრისაო.
მაგრამ არ იყო ანდერძი
მოკვლაი დიაცისაო.
ეხლა აღარვის სცხვენია,
აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,
ჩემ სამუქრაოდ მოდიან
ყმები ლაშარის ჯვრისაო,
არვისთვის რა მიწყენია,
ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?
ღმერთმა ხომ იცის,
ფშავშია ვცხოვრობდი სინდისითაო.
ქურდობით არ ვაწუხებდი,
არც არავისა ცრცვითაო.
დედა მამიკლეს მოხუცი,
სამოც-ოთხმოცი წლისაო,
ავადმყოფ მოკლეს, დედაო,
შაჰბრალდი აღარვისაო,
ფშავლები გბანენ სისხლითა
ცრემლით დაბანილ პირსაო.
რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,
დაინატრებდი შვილსაო!
მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,
როცა შენ გაგიჭირდაო...
რად მინდა ქუდი თავზედა
ან თოფს რაადა ვზიდაო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა,
იმედი მაუზრისაო?!
მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერიც არ შამხვდა მტრისფერი,
მყოფილვარ შავი დღისაო.
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!

 

იესო ქრისტესათვის
ღმერთო, მარად ხარ დიდებით
ზეცაში განსვენებული,
თვალით ხილული ყოველი
არს შენგან აღშენებული.
ზეცაში ქერუბიმთ მთაზე
ზიხარ შენ განსვენებული...
შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,
ჰყავ თავისუფლად რებული,
ეშმაკი შურით აღივსო,
ბოროტად განძვინებული,
ადამ შემცდარმა იმისგან
ჰრყო ღმერთი გარისხებული,
და შენ განსდევნე სამოთხით
რისხვითა შეჩვენებული.
და ჩვენ ჯოჯოხეთს ვმონებდით
იმ ადამსთანით წყებული,
მაგრამ გახსონდა თვის ქმნილნი
არ გყვანდით დავიწყებულნი;
და გვიხსნეს ბოლოს მაცხოვარ
მტრისაგან შავიწრებული.
ახლა გვაკმარე ტანჯულთა
დიდი ხნის გასაჭირია,
და მტერთა ჩვენთა მტანჯველთა
არ შეარჩინე მცირია,
ქვეყნად გადმოხედ უთესლოდ,
ძე გახდი კაცთა შვილია,
ვითარცა კაცი იზარდე,
ჩვენს წესებს ემორჩილია...
უწიგნონ აწიგნიანენ,
მიეც სამოთხის წილია.
ამ ქვეყნად ყოვლად მართალო,
თავ ჩვენთვის გაიწირია.
შენისა ძალით მკვდარნ აღსდგეს,
ბრმას თვალებ აუხილია,
ზღვაზე, ვით ხმელზე, მავალი
მასშინ არ დაიძირია...
შენ ჩვენსა დამზადებელსა
ბევრი შეგწამეთ ცილია;
ბოლოს სამსხვერპლო კრავ იქენ
სიმართლეს შეეწირია,
შიშველი აღვედ ჯვარზედა
ლახვრითა განიგმირია.
შეიძრა შენსა სიკვდილზე
მთელ დედამიწის ძირია,
შენის სიკვდილის მნახველი
მზე შავად იქმნა მზირია.
დიდება შენ ძალს, უფალო,
სამყარო გააკვირია,
ნუ შემიცოდებ, ბევრს ბოდავს
ჩემი ცოდვილი პირია.


სურათი ახალ ქრისტესი

შენს სურათს ახალ ქრისტეო
ერს თაყვანს აცემინებენ,
ვით პირველყოფილ კერპის წინ
ყველას თავს ახრევინებენ.

შენის სახელის წიგნებსა
სოფლებში არბენინებენ,
ვინც არ გილოცავს, იმ ხალხსა
ჩეკაში ათმენინებენ,

მარქსისტთა სახარებასა
წირვაზე ასმენინებენ.
თავად სახსნილოს მიირთმენ,
სხვებს მარხვას აჭერინებენ,

თვით ჰყლაპენ სხვისა ნაშრომსა,
მშრომელთ კი აქცერინებენ,
შენი მიმდევნი, შენის თქმით
ხალხს ერთურთს ათელინებენ,

სუყველგან ძეგლებს გიდგამენ,
მღებავებს აფერინებენ,
შენის სახელის ჩუჩელას
გრძელ სიტყვებს აბერინებენ.

რო სულელების ბელადი
უნდა სუყველამ გაიცნოს,
მსოფლიო ისტორიაში
იმანაც პრიზი აიღოს.

ქუჩაში მოხეტიალემ
შრომის სახელი დაიდოს,
უქნარა გამიბატონდეს,
ჯუბეში ხელი ჩამიყოს,

მე გამომართვას ქონება,
თავისი თავი გაიძღოს,
ჩემის პურით და ღვინითა
დაბა-ატლასი ჩაიცოს.

გუშინ ქურდმა და ბაცაცამ
დღეს ჭკუა უნდა მარიგოს,
ლენინის გადმოცემული
მარქსის კანონით მამიგოს!


მოვა სიკვდილი უჩინო

შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,
კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა.



მიწისგანა ვარ შობილი

ერთხელ მეც დავიკარგები,
სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ქი
ნაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს,
ბოლოს მეც დავმიწდებია.


* * *

შეიყრებიან ღრუბელნი,
საფშაოდ გადადიანო
დაგესევიან მურგვლივა
მთაწმინდის წვერო, კლდიანო
ნამს ცვარად გადმოგაყრიან,
მთაო, ქუჩ-ბალახიანო,
ჭუჭყს არ გარჩენენ ტანზედა,
ცრემლის წყარონი დიანო,
წაწადა აგიმურღვდება,
არაგვო კალმახიანო.
ვეღარ ამოხვალთ ლაღადა,
ჭალის პირებზე იანო,
დაჭერილს ჩამოგავლევენ,
მისრიაშვილო, ხმიანო.
გიდგანან აქეთ-იქითა,
გულ-რკინავ ფოლადიანო,
ხე-ქვანიც დაგემშვიდობნენ,
მთა-წვერნიც მოგტირიანო.
დუშეთის კრებას დაესწარ,
გულდრინჯო, მოკლე დღიანო,
მალე გაავლევ გულის ხმას,
რა ფიქრებს ჩაგიშლიანო,
სიცოცხლის გმირო, აშკარო,
სამარეს გაგითხრიანო,
თოფს დაჰკრვენ მისრიაშვილსა,
მაინც არ დაიშლიანო,
შიგაით ამაიგმინე
მანძელა, ხარო, რქიანო,
თოფის ხმით დაგასრულებენ,
სწორებში ქატიბრიანო.
არ კვდება მისრიაშვილი,
მტერო, ნუ გიხარიანო,
შვილებსა, ლეგა მგლისასა,
მისრიანივე ზრდიანო,
ყოჩაღად იყავ ხოშიავ,
ცრემლებით სილაღიანო,
ისრე მოზარდე ობლები,
თვალებ არ მაიწყლიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები
თავი თავს მაიყრიანო,
შენ შვილებს დაჰპატიჟებენ,
წინ სუფრას გაუშლიანო.
სამის დროშით და ფერხისით,
საჯარეს შამოვლიანო
დაიძახებენ შენ ლექსსა,
ცრემლებსაც გადმაჰყრიანო,
დალევენ შესანდობარსა,
თასებსაც გამასცლიანო,
ამისსა მალექსებელსა
სახელ მიხაი მქვიანო,
როდის მოხვიდე ზაფხულო,
ვინტოვკავ გაგახმიანო,
ბევრაის დედა ვატირო,
ბევრ უჭკო მოვაჭკვიანო,
მე მაბრალებენ შენს მოკვლას,
ცოდვიანს მეძახიანო.

 ჩოლოყაშვილის რაზმელებს

მაღალი ღმერთი გწყალობდეთ,
ჩვენი ლაშარის ჯვარია,
წინათაც ეგრე იბრძოდნენ,
ის ჩვენი წინაპარნია.
გაიმარჯვიან მტერთანა,
ცუდად არ დარჩის ცდანია.
წაეკიდიან, სძლივიან მცირეთა უთვალავნია.
თქვენც მათი მიმბაძავი ხართ,
თუმც ახლა დრონი სხვანია,
თქვენც გაიმარჯვებთ ბრძოლებში,
თქვენც გაქვთ დიდების გზანია.
სიკვდილზე არავინ ფიქრობს,
ყველა იქ მიმავალია.
მოვკვდებით, ღია დაგვხვდება
სასუფეველის კარია.
იქ მიგვიღებენ, სადაცა
გმირთა სავანე არია,
იქ იქნებიან ქართველნი,
ვინც სამშობლოსთვისს მკვდარია.
ემაგის მალექსებელი
ფშავში ფშაველთა გვარია,
იქაური ვარ, საცა დგა
გოდერძათ ნაციხარია.

 

***

მიხეილ ზურაბაშვილი,
ფანდურზე ავტირდებიო,
ავაჰმე, ჩემო ნადობო,
სადა რა იმყოფებიო,
ვის რა სახლს დაემწყემსები,
ვის კერას ჩამასჯდებიო,
ლამაზ თეთრ კელაპტარივით,
ვის ხელში ჩამასდნებიო.
ადექ და ნისლო, მთას წადი,
თავზე რას მებურვებიო.
გადმოხედნება მწადიან,
საცა შენ მეგულვებიო.
ქალის მთხოვარო მთხუებო,
ცეცხლშიამც დაიწვებიო,
აკი, მას მეუბნებოდი,
მე ჯერ არ გავთხოვდებიო.