ფშავლები

 

ხოხა ხადილაშვილი

ხოხა ხადილაშვილი ცხოვრობდა ივრის ხეობის სოფელ ხაიშოში. ხაიშოდან სოფელ ხევისჭალაში გადასახლებულა და იქ გარდაცვლილა.

ხოხა ძალიან ღარიბი კაცი ყოფილა. ამიტომაც ქურდობდა თურმე. ერთხელ ხარები მოუპარავს, რისთვისაც ციხეშიც მჯდარა. მოკაფიავეები ხშირად აყვედრიდნენ ამას.

ამ დიდოსტატს ერთდროს "მწარია" რქმევია,მერე ეს "მწარია" "ხოხას" შეუცვლია.მისი პოეტური მეტოქეები ყოფილან:თევდორე ბეწუკლიშვილი,ბერი გედეხაური,თათარი,ნადირა ქუმსიაშვილი,გიორგი კოჭლაშვილი და სხვანი...  

 

უცნობი ფშაველი და ხოხა

- ჩემიმც ძაღლი გქნა, ხოხაო,
დამები ბაკის ახლოსა,
რა ყეფა მოგწყინდებოდა,
შამინახავდი საქონსა,
სამ დღეში ერთხელ გაჭმევდი,
ცივ წყალსა'დ ასლის ქატოსა.

- ერთხელ ხო დავზეზდებოდი,
ცოლს დავუგლეჯდი პატრონსა.

  

 

ჩემთან გადმოხე,ხოხაო
თევდორე:
ჩემთან გადმოხე,ხოხაო,
ერთად ვატაროთ დრუება.

ხოხა:
გლეხკაცს მდიდართან რა უნდა,
დავწვი შენ გადაყრუება.

 

 

 

ხოხა ნადირას
შე ავი საქმის მოქმედო,
ცოდვა წინ შემოგეყარა,
თუ შენ არ იყავ ბოზ-ქურდი,
ეგ თვალ რად გამოგეთხარა?
მაკრატელ გამოფრენილი
თვალში რად წამოგეჩარა?
შენ რაღა ბედენა იყავ,
სულ ცხვარსა ჰპარსავს ქვეყანა!

 

 

ხოხამ არ იცის სირცხვილი

მეტოქე:
დაუსეტყვიხარ, ბიძაო,
დაუმტვრევავის ცხვირ-პირი.

ხოხა:
სუ ეგრე სეტყვავს ბიძასა,
მაგრამ არა ჰკლავს შიმშილი.

მეტოქე:
ჩემთან წამოდი, ბიძაო,
კარზე მიბრუნავს წისქვილი.

ხოხა:
ზე სიძეთ შემოგეყრები,
ხოხამ არ იცის სირცხვილი.

ხოხა და ფრუშკა

ფრუშკა:
მოვალის წვეროთ ფრუშკაი,
მოაქვის ფეხის ჩქამიო.

ხოხა:
დაგხვდება ხადილაშვილი,
როგორც გალესილ ხმალიო.

ფრუშკა:
დაგატრიალებს ფრუშკაი,
როგორც ფრთე-ბორბალს წყალიო.

ხოხა:
მენაც პირობას გადმოვყრი,
რო წაღმა-უკუღმ ქარიო.

 

 

ხოხა და თევდორე
ხოხა:
შინ წასვლა ხვარა გწადიან,
თევდორე, რასა სწუხდები?

თევდორე:
მწადიან, წავალ კიდევაც,
თუ იორს გადავურჩები.

ხოხა:
ეგებ დაგლიოს იორმა,
მე დამრჩეს შენი კუბჩები.

თევდორე:
კუბჩებს ვერ შეუფერებენ,
ხოხავ, შენფერა ქურდები.

ხოხა:
ე მაგ ქამარსაც მოგპარავ,
თუ ჩემ ღმერთს გადავუდგები.

თევდორე:
წავალ,გიჩივლებ სუდშია,
ციმბირს ვერ გადაურჩები.

ხოხა:
მე იქ რა გამიჭირდება,
ძმობილები მყავ რუსები.
_____
კუბჩები - ნასყიდობის საბუთი.

 

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>