ფშავლები

 

თეონა ქუმსიაშვილი

ნამით პირნაბანი სამყურები

როგორ ციმციმებენ ალმასივით,
ზეცის თითობეწო ნაჟურები,
ახლა აღარაფერს აღარ ვჩივი,
შენც თუ შეგაყვარე სამყურები...

კარგაძალი გზაა შატილამდე
და შავი არაგვი მიგვაცილებს
ჩვენს დუმილს ვიხსენებ ამდილანდელს,
უხმო სინანული მინაპირებს...

თურმე რა ლამაზი ფიქრი იცი,
სურვილს გვიზიარებ არცთუ იოლს,
ბევრს ვერ დაგპირდები, თეო, წინწინ,
ცხენები ბლომად ჰყავთ შატილიონთ...

შენთვის ლამაზ თეთრონს ამოვარჩევ,
(მე წაბლა მომწონდა თავიდანვე),
ჭენებით მივიდეთ არდოტამდე
და იქ გავითიოთ სამი ღამე.

დღისით ვიქეიფოთ ხევსურებთან,
ვწრუპოთ ქალაქური შავი ღვინო,
ლექსით თრობის ეშხში შესულებმა
გათენებმდე ვერ დავიძინოთ...

უფრო მომინდება შენი ნახვა
მერე, თბილისში რომ დავბრუნდებით,
თუკი შენც ჩემსავით შეგიყვარდა
ნამით პირნაბანი სამყურები.

 


ჩემი ფშავლის ქალა გალობს...

შაშვი დადუმდა, არაგვი გაირინდა,
მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ ჩაღრუბლული,
ჯაბანიშვილების კოხტა აივნიდან
ციდა ფშავლის ქალა გალობს – მთის ბულბული.
ხელს ცამდე იწვდიან მისი გვარ-ჯიშანი,
ამ ცა-მზეს გაუმრავლდი, ბულბულის ცალო.
ჰყუდავ ცაბაურთა ჯავარ-ზავთიანი,
გული ყელში მჩრია, ჩემს სათქმელს გალობს...
ერთპირ გაუხსნია ზეცას ცხრავე კარი,
მთავარანგელოზი გვფარავს და გვწყალობს,
ხევისპირ, ფიცრული კოხტა აივნიდან,
ჩემი ფშავლის ქალა გალობს...

 

 

                    ეგება
ფშავს მივალ, ავცდი შარახევს,
მზესთან სიტყვა მაქვს დარისა,
მუქოს მელიან სწორები,
სული წინ მიიჩქარისა...

გზა-გზა მხვდებიან ხევსურნი,
იელის ბანგით მთვრალები,
ქალთარაფერას, შავქალას
მათკენ მიმირბის თვალები...

გულისგულ შამიწრიალებს,
ოცნება ბევრის ღამისა:
ეგება დამხვდე ორწყალთან,
ფშავისკე აღარ გამიშვა...

 

 

  მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..

ჩაგაცმევენ საქორწინო წითელ კაბას,
ლამაზ თვალებს ვერ დამალავ მანდილში,
თავსდამტყდარი ემგვანება უცხო ამბავს,
ორხევიდან წაგიყვანენ შატილში....

ქედს გადაღმა მშობლიური იალნოა,
არდოტისკენ კვლავ საავდრო ნისლია,
სიყვარული ცოტა უფრო გვიან მოვა,
თვალებს ცრემლით ნუ იშავებ, ნიბლიავ!

ალუდას და ზვიადაურს დანაფერი
სიძე მაყრებს მოიყოლებს მის მგვანებს,
ქმარ-მაზლანი გიმღერებენ “არხოტოს” და
კარკუჩით რომ ქალი ჩამაიყვანეს...

ცხენზე ჯდომას გასწავლიან ფშავლის ქალას,
ვერცხლის შიბით დაიქარგავ საკინძეს,
კოპალა და იახსარი დაგიფარავს,
კაცრიელი გინდაც ყველა გაგიწყრეს...

გალაღდები, ქალის ჯარში დამშვენდები,
გაივსები, მტერსაც მოეწონები,
გაის ამ დროს ტყუპი ვაჟით გაბევრდები,
გულისგულში შეგნატრებენ სწორები...

შენი სულის და ოცნების ლურჯი ჩიტი
სიმღერებად თუ გადმოსკდა ნაპირებს,
შენს ქმარს აღარ დასჭირდება ბარად ჩასვლა,
ზამთრის დღეებს ისე გაუაპრილებ...

ხევსურ ქმარ-შვილს შეავედრებ მამისხატებს,
მიმწუხრისას ფშაურ ფანდურს მაჰხელავ,
დრო მოვა და სხვა სიზმრებსაც ამიცხადებ...
მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..

 

 

 

 

ნათლისღების ნათელ დღესა

ნათლისღების ნათელ დღესა,
ვეგებები დილის მზესა,
ვიფაქიზებ სულს და ხელსა,
სუნთქვას ვაყურადებ შენსას...
გელოდებით მკათათევეში,
ორთა მოციქულთა დღესა,
გელოდებით, ვემზადებით,
შენით ვისხამთ ფერადებსა...
სახლს მამაშენი გიშენებს,
დედა გიმღერს ნანინებსა,
ბიძებისთვის იმედი ხარ,
გააჯავრებ იმათ მტერსა.
ერთი ბებო - სანათაც გყავს,
ზის და გიქსოვს ჭრელ-ჭრულებსა...
ენას ჭიკჭიკით აიდგამ,
გაამრავლებ ხევსურეთსა...
დააბედებ შენ დედმამას
წელჩაგდებით სამ-ოთხ ძესა.
გეფერებით, გელოდებით,
ზუსტად ლაშარობის დღესა...
ლაშარს სამწლისთავზე მიგგვრით,
უფალს - მეორმეოცე დღესა...
აღმოსავლის ცის კიდურზე
ლოცვით ვეგებები მზესა...
ნათლისღების ალიონზე
სიხარულად მოხველ ჩვენსას...

 

 

30 აგვისტო თენდება. ორხევში ვარ, შენზე ვწერ და ცრემლს ვაყოლებ ნაწერს. იდუმალად ისმის ჩვენს ეზოებს შორის მიჯნის-ხევის ხმაური, უფრო იდუმალად ეზოების ბოლოს მდინარი შენი საყვარელი ივრის დუდუნი... მეუფე თადეოზმა მითხრა, არ იტირო, ბევრი ილოცე და მის სულს იმსოფლად გადასვლა გაუადვილეო...

როცა არ ვლოცულობ, ვცდილობ, შენზე ფიქრი იქიდან დავიწყო, სად და როდის გნახე პირველად და როგორ გავიცანით ერთმანეთი... ვერ ვახერხებ. აქ მაინც, ამ ეზოში იმდენი რამ მახსენებს შენს თავს, იმდენი რამ მაკავშირებს შენთან... ერთი კვირის წინ ის პანტა მოვჭრით შენთვის საფანდურე მასალად რომ ვგულობდით, რომლის ქვეშაც გვეჯექი შარშან ზუსტად ამ დროს ჯარჯიზე ორსული და გაუჩერებლად გვიმღეროდი. რამდენი ცრემლი ჩაიწურა პავლიკომ ნამალვად.

ამ ოთხი წლის წინ, შენი პირველი დისკი რომ სულ ახალი ჩაწერილი იყო, გადავამრავლე და ბუდე ფშავში წავიღე ჩემი იქაური ახლობლებისათვის. მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყავი, სასიამოვნო სიურპრიზი. ჯაბანიშვილების სახლის აივანზე ვისხედით, თავზე უზარმაზარი ცაბაურთა გვედგა და ვინ იცის მერამდენედ ვუსმენდით “ჩემო სამშობლოვ ტკბილო, ოღონდაც შენი მერქვას”-ო. ზუსტად ერგებოდა იქაურობას ეს სიტყვები. მერე ძია იოსებმა აივნის მოაჯირზე შემოდგა მაგნიტოფონი, პირჯვარი გადაისახა, “ამ ცა-მზეს გაუმრავლდი ბულბულის ცალოო” ხმა ბოლომდე ამოუწია და მარტო იქაურობის კი არა ფშავის არე-მარეს ასმენინა შენი სიმღერა... ჩვენიაო, ჩვენი სისხლი და ხორციო, ჩვენი მიწა-წყლისაო, ისეთი შეფარული სიამაყით ეუბნებოდნენ ერთმანეთს შენთვის სრულიად უცნობი ფშავლები, მე თავისთავად და ისინიც ისეთი ამაყები იყვნენ შენით, სიცილ-ტირილი ერთმანეთში მქონდა არეული.

ღმერთო, მაინც რა გაწონასწორებული და მშვიდი ვარ შენი და შენი ანგელოზების სიკვდილის დამშოკავი ელდის მერე.

ჰო, ვიცი, განა არა, დრო ყველაფრის მკურნალია, ყველანაირ ტკივილს ანელებს (და ღმერთმა არა ჰქნას სხვანაირად იყოს), მაგრამ ეხლა ძალიან ცხარე ხარ, შიშველ იარაზე დაყრილ მარილივით გვწვავ და დასაყრდენს დავეძებთ. მხოლოდ ის მიხალვათებს გულს და მამშვიდებს, რომ უშურველად ვიხარჯე. ბევრი მოგეცი სულიდან სულში, რაც შემეძლო სიცოცხლეშივე გეფერე და გესათუთე სიტყვითაც და საქმითაც. ბევრი ვწერე შენთვის და შენზე სიცოცხლეშიც და სიკვდილშიაც.

დღეს უბედური დედაშენი ვინახულე. ვერ ვიპოვე სიტყვები, რომლებიც შეიძლება გაუბედო სანუგეშებლად. ცრემლი ყველაზე დიდი შვებაა და თვალცრემლიანები ვისხედით შენი და ბავშვების სურათებთან და ხან ერთმანეთს ველაპარაკებოდით, ხან თქვენ. მერე ლექსები ვიკითხეთ - ხან შენები და ხან ჩემები შენზე. არ გავგიჟდეთ-მეთქი, რამდენჯერმე გავიფიქრე და შეღავათი არანაირი. მხოლოდ იმედი, ყველას იმ სოფლად მისვლის და ჩვენი სულების ერთად ყოფნის მოლოდინი.

ეს ჩვენთვის არის დრო დაყოფილი აწმყოდ, წარსულად და მომავლად, ამ და იმ სოფლებად თორემ მარადისაობისათვის ყოველივე უკვე მომხდარია და ჩვენ ერთი მთლიანობის ნაწილები ვართ და ოდესღაც ისევ ერთად ვიქნებით. მხოლოდ უნდა გავძლოთ იმ ოდესღაცამდე.

აგერ, გაშუაღამდა და იორმაც ხმას უმატა. ახლა ავდგები, სანთლებს აგინთებ, შენს “იორზე ნამღერს” ჩავრთავ, თვალებს დავხუჭავ, შენც მოდი, გულთან ახლოს მარცხენამხარქვეშ შემეყუჟე და ერთად ვუსმინოთ.

თეო დედი, არ შეგეშინდეს! ნათელში ილივლივოს შენმა და შენი შვილების სპეტაკმა სულებმა! ინებოს უფალმა მანდაც ჩვენი დედობილ-შვილობილობა!

 

 

                        ***


ეგებ ჯერაც ღამეა და მესიზმრება,
ტყვიისფერ ჯავრს ღრუბლად იხვევს ცაბაურთა,
წერა-მწერალს უმთვაროში გზა აებნა
და სულ ცოტა იღბალი გვაქვს სასწაულთან.
ეგებ ჯავრმა კი არ ჩაკლა, მდევარს ელის
ხარ-ლაღივით გულზვიადი შენი ქმარი
და სიკვდილი კი არ სტუმრობს მის ეზო-კარს,
შენ დედიძმათ დახვედრა აქვს საფიქრალი.
ეგებ ელდით კი არა და თოფის ხმაზე
ადგრიალდნენ არწივები ანაფრენი,
უბედური, შენს ჩვილ ბალღებს კი არ ეძებს,
პირიქითას მდევარშია მამაშენი.
ეგებ სიმწრით კი არა და ბრაზით ყეფენ
ძმა-ბიძანი და იარაღს ისინჯავენ,
ერთი ჯანღი აიკრიფოს გაღმე გორზე,
გამოგდევენ რაკი ოდნავ იდილავებს.
მეც თუ ღამე გამითენდა უთევარი,
შენიანი ხვალე თუა ჩემი ხვედრი,
ხელისგულზე ცივ ნიავს არ მოგაკარებ,
არც ხევსურზე გათხოვებას დაგაყვედრი.

 

 

 

                     * * *
ღმერთო, ეგებ სადილაო სიზმარს ვხედავ,
დედაღვთისამ ეგებ კალთა დაგაფაროს,
შუაწყლიდან ხელგაწვდილი შველას მთხოვ და...
ვერა გშველი, დედამკვდარო... ***
ღმერთო, რა ცივ სასახლეში შეგაბრძანეს,
კარიც როგორ მოგიჯარეს, შვილავ!
დაგიქარგეს სადედოფლო, თეთრი ფარჩა,
ლურჯ სიპებში დედოფლურად ბრწყინავ.
უფლისჩიტავ, ნეტავ ხომ არ გამიცივდი,
აღარ გალობ, - ისე, როგორც წინავ...
დედამკვდარო, ვერც სიზმარში დაგიჩემე,
ქვა ყოფილა გულტიალა, რკინა...
სხვა რა დამრჩა, გიგლოვო და მიწა ვლოკო,
წყალწყეულას პირას ჩუმად ვგმინავ:
-არ გათოხვებ, არ გათხოვებ, არ გათხოვებ…
ხევსურეთში, შვილავ!"  

 

 

მარიამ ხუცურაული

თეონა ქუმსიაშვილის სიმღერების ჩამოწერისათვის მიყევით ბმულს