მიხა ხელაშვილი (1900-1925)

„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა,
აგრე იტყოდით,
დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა
ჩვენს მიხა ხელაშვილს“.

ფშაველი ვაჟი-კაცის, ილო ფხოველის
მიერ თქმული შესანდობარიდან

 

 

 

 

 

საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა – რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა – რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ.

სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე.

პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდარძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები.

ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი.

მამამ მიხა მალე თბილისში წაიყვანა სასწავლებლად; შეელია თავის მარჩენალ ხარებს, „პატიოსანასა“ და „თვირთვილას“, ოღონდ კი მის ნიჭით აღვსილ შვილს არ დახშობოდა სწავლა-განათლების გზა. მოსანთლიაშვილის გონებახსნილი შეგირდი თავს გამოიჩენს საქართველოს დედაქალაქში. განსაკუთრებით კარგად ეუფლება ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული მიხა ხელაშვილი, მისმა სიძემ, მღვდელმა თევდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში გაამწესა დიაკვნად და საყდრების მცველად. ახალგაზრდა კაცს, ვის სულშიაც ანთია ღვთისადმი რწმენისა და პოეზიის ცეცხლი, მუდამ გარს ახვევია ხალხი. ხელაშვილი მთის მკვიდრთ აცნობს ქართულ კლასიკურ მწერლობას, უნერგავს რელიგიისადმი სიყვარულს და უკითხავს თავის სმენაწარმტაც ლექსებს.

იგი იმდენად სასურველი სტუმარია ყველა ოჯახში, რომ მთაში იტყვიან: მიხას მოსვლაზე – მზე მოვა, რომ წავა – შავი ღრუბელი.

ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ეს გახლდათ ყოველგვარ ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ხდება მთის ლაღი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. თავზე ქუდს აშვლეპენ და პირზე და წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარჰყოფენ ხატებს. თიანეთის მაზრის უფროსი დიაკვანს ართმევს მგლების მოსაგერიებელ შენახულ იარაღს. კომკავშირელი აქტივისტები ყოველმხრივ ავიწროებენ მიხა ხელაშვილს, აიძულებენ დატოვოს ეკლესია და იგიც ემშვიდობება ღვთის ტაძარს; ცოდვის ტრიალის შემყურე მიხას აღარც შინ ედგომება, თუმც კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. იგი ტყეს აფარებს თავს, ოღონდ ნურავის ჰგონებს, რომ ხელაშვილი დაადგა შარაგზის ყაჩაღთა კვალს. ეს მეამბოხე სული ტყეში მხოლოდ იმად გადის, რათა არ გაიზიაროს ცხოვრების ის ეშმაკეული წესი, იმჟამად ფეხს რომ იდგამს ყველგან.

მთიელნი ბუნების შვილნი არიან და მათთვის ბუნების წიაღი საკუთარი სახლ-კარის ტოლდარია. ამიტომაც ტყეში იოლად ძლებს ეს სამფად ნაქსოვი ვაჟკაცი.

„შაირ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა“.

ამბობს იგი ერთ-ერთ თავის ლექსში.

მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი – წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ – უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.

მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი.
ტყის წიაღში სრულ განმარტოებისას, როცა მიხა ხელაშვილის წარმოსახვას ეძლეოდა უკიდეგანო გასაქანი, გამახვილდა და ჩამოიქნა მისი პოეტური ნიჭი. სწორედ აქ იბადებოდა ბუნების ძალისადმი მიძღვნილი მისმიერი შესანიშნავი სტროფები:

„მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი – ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“.

ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი – თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით:

„მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვეა, ვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი“.

ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რამეთუ იგი ხალხის თვალში გმირად არის შერაცხილი, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და ასე ვთქვთ, იდეალადაც. მიხას მოსაკლავად ფშავში ადგენენ მილიციელთა და კომკავშირელთა მთელ რაზმებს, მაგრამ გულოვანი, საზრიანი და ძალოვანი ხელაშვილის შეპყრობა იოლი როდი შეიქნა.

ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა მის დასთან, პელაგიასთან საუბრისა. აი რა მოგვითხრო მან:

„ერთხელ ღამით მიხამ მომინახულა, მოისვენა, პური გატეხა. მცირედი სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გამოვაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისაკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სწრაფად გამომიცვალა ადგილი, დაბლა ჩამწია, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევართ ასე ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო თან და სასწრაფოთ გაგვეცალნენ“.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიხა ხელაშვილი დიდი მამაცობითა და ალღოიანობით გამოირჩეოდა. ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი პურს ჭამდა თავის კეთილისმყოფელებთან ერთად. იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა. იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფსა სწევსო. ბალიაურმა მოუხმო მილიციელ თირილა ქისტაურს, – „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“. ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა დოსტებმა. მიხა აფაფრებულა და თოფშემართული მიჰხდომია ქვებუდან ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და ყასიდად უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო? თირილას კომისარზე მიუთითებია – „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია – „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“. ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“.

რაკიღა შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფალთ ასეთ ხერხს მიმართეს. ჩადენილ იქნა გაუგონარი ცოდვა. მიხას დედა მიემგზავრებოდა აფხუმოდან ხოდაში. ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ-კომკავშირელნი, თუ კომკავშირელ-მილიცილენი, იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერმე ტყვია ჰკრეს და მოკლეს. ამ საზარელმა ამბავმა მწარე სიტყვები ათქმევინა ლექსად მიხა ხელაშვილს:

„სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო“.
სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის დაკრძალვას წესი და რიგისამებრ, მაშინ მიხამ დაიმარტოხელა იქაური ოსა ზურაბაშვილი და ასე უთხრა: „გადაეცი მაგათ, აქნობამდის ისე მივლია, კაცისშვილისათვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, ცუდ საქმეს დაგმართებთ, მოგეჭრებით უწყებაში და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟუჟავთო“.

გადმოცემის მიხედვით თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, ვისაც წელზედ ყუმბარები ჰქონდა შემორტყმული (ამ ვითარებისთვის საგანგებოდ მოხაზირებული), ცხენით მიადგა სატირალს, ასე ჰქონდა განზრახული. თუკი მის ხელყოფას დააპირებდნენ, მოძალადეებთან ერთად საკუთარ თავსაც აიფეთქებდა. ეს კარგად უწყოდნენ იქ ცხადად თუ ფარულად დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამიტომაც ვერავინ შეჰბედა ხელაშვილს. მიხამ სულ ორიოდ წუთი დაჰყო დედის ცხედართან, გამოეთხოვა მას და მსწრაფლ გაუჩინარდა.

ხელაშვილმა, ტყეში გასულმა და ასე ვთქვათ, ყაჩაღად წოდებულმა კაცმა, გამოიჩინა იმგვარი კეთილშობილება, რომლის მაგალითიც უთუოდ იშვიათად მოიძებნება ადამისშვილთა არსებობის მთელს ისტორიაში. მან არ აიღო შური დედის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს იოლზე იოლი იყო. შემდგომ მან თავის შესანიშნავ ლექსში „დედის სიკვდილზედ“ ის აზრი დასტია, ყოველი ფშაველი მანდილოსანი, ყველა აქაურს ჯერ არს საკუთარ დედად უჩნდესო, ხოლო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი კუთხის შვილის, თუნდაც მტრის მოკვდინება რაინდის ღირსებისათვის უკადრისად ჩათვალა:

„მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!“

ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“.

ამ საქციელმა უზომოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი, ამიტომაც მთავრობა ყოველი ღონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას. იქმნება ახალი, საგანგებო რაზმი, რომელიც დაბანაკდება მაღაროსკარში. მისი რაოდენობა აღწევს აქვს ათეულ კაცს. ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი.

- თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, – მიმართა მიხამ კომისარს.

ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერმე შევარდა რაზმის სადგომში. – „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ – შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: – „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა. ამ რაზმში იმყოფებოდა მილიციელი ალექსი მისრიაშვილი, ვინც ადრე მეგობრობდა ხელაშვილთან, და ტყეში გასვლის შემდგომაც მფარველობდა მას. ამ რაზმში მისრიაშვილი იძულებით იყო შეყვანილი და ის არც აპირებდა მიხას შევიწროებასა და დევნას. მისრიაშვილმა კარგად უწყოდა კომისრის მოკვლისა და რაზმის განიარაღების ცნობა, უმალ რომ ააშფოთებდა იმ ცენტრებს, სადაც მილიციისა და შინსახკომის დიდი ძალები იყო თავმოყრილი, ამიტომაც ურჩია მიხას, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და თავისი ცხენიც შესთავაზა.

ხალხმა ხელაშვილის მიერ ჯაგნელიძის მოკვლა და რაზმის განიარაღება გამოხატა ლექსით, სადაც თავად მიხას მოათხრობინა მისი გმირობის ამბავი:

„მაღაროსკარში შევვარდი,
როგორც მშიერი მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი,
სამოცივ კავალერია:
სამოცივ თოფი ავყარე,
დავშალე მთელი ჯარია,
ავი და შეუსმინარი
მოვკალი კომისარია.
იარაღს ხელი არ ვახელ,
რად მინდა სხვის ნახმარია,
ხელაშვილს მუდამ თავისი
აქვს კარგი თოფ-ისარია.
შევჯექ და გამოვაქციე
მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაახ, ხელ რ,
მუისტების მტერია!“

მისრიაშვილს ხელისუფლებამ ძვირად დაუსვა ხელაშვილისთვის სამსახურის გაწევა. იგი შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაიყვანეს დუშეთში და ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში. მათ თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, სად არის მიხა ხელაშვილიო. ბოლოს, რაკიღა ვერავის სიტყვაც ვერ დააძვრევინეს, თოფები დაახალეს და ჩახოცეს.

მიხა ხელაშვილი შესძრა მისი მოკეთის ასეთმა უღვთო სიკვდილმა და ეს ამბავი ტრაგიკულ პასაჟებად გახმიანდა პოეტის მიერ მისრიაშვილებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ლექსში, რომელასაც განასრულებს შურისძიების მძაფრი გრძნობით გამსჭვალული სტროფი:

„შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო“.

ასეთ მძიმე ვითარებათა გარდამხდელ ადამიანს გული აღარ უდგება მარტოს და იგი უერთდება სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოაირა ხევსურეთიდან. „შეფიცულთა რაზმის“ წევრები, ალექსანდრე სულხანიშვილი და ალექსანდრე ბადურაშვილი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ მიხა ხელაშვილს. მათ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის იყოი ზებუნებრივი პოეტური ნიჭით და უსაზღვრო ვაჟკაცობით დაჯილდოებული პიროვნება; რომ იგი იმ საძნელო ვითარებაშიც კი გვერდიდან არ იშორებდა თავის ჩანთას, რომელშიც ლექსებს ინახავდა; რომ იგი იმ საძმო პირობებშიც კი, თუ კარგი ამინდი იდგა, წამოწვებოდა სამე მყუდროზე და სულ ცოტა ხნის მერე ახალ ლექსებს უკითხავდა რაზმელებს; რომ მას თითქმის ყველა რაზმელზე აქვს შეთხზული ლექსი, მათ შორის სახუმაროც; რომ მასზე ქაქუცამ თქვა: „თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერისტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო“.
ცნობილია აგრეთვე ხალხური ლექსი, გამოთქმული ჩოლოყაშვილსა და ხელაშვილზე:

„რო ნახავს ჩოლოყაშვილი,
იმის პირ იზამს ღმინსაო,
ერთი ჰყავს, ათის ბადალი,
შიში არა აქვს მტრისაო“.

ხელაშვილი თან ახლდა ჩოლოყაშვილს საქართველოს მთებში და მან ბევრგზის ისახელა თავი „შეფიცულთა რაზმში“.

არსებობს გადმოცემა, თუ როგორ წააწყდა იგი ერთხელ სოფელ ბანაკას განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირლებს, რომელთაც ქაქუცას დატყვევება განეზრახათ, როგორ შეიჭრა იგი ამ სადგომში, აჰყარა მათ იარაღი და მიჰგვარა „შეფიცულთა რაზმის“ ბელადს, ვინაც ჭკუა დაარიგა ამ გზიდან აცდენილ ახალგაზრდებს და გაუშვა. მიხა ხელაშვილს არაერთი გმირული საქციელი აქვს ამ რაზმში ყოფნის დროს ჩადენილი. ტყუილად როდი უთქვამს მასზე ხალხს:

მიხაი გვყავის ჯეილი
ფასი მთელ ფშავეთისაო,
ტანად კი დაბალაია,
ხნით ოცდახუთი წლისაო,
გაუდრის ბატალიონსა
თუ მტრულად დახვდებისაო“.

ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო; და იგი კვლავ ფშავ-ხევსურეთის მთა-ტყეს აფარებს თავს.

მარტოსულ ხელაშვილს თავისთან უხმობს მისი ძმობილი, კახეთის ტყეებში გაჭრილი ვანო ხაფაზური და ისინი ერთხანობას მყოფობენ, როგორც იტყვიან, ზურგი ზურგს მიყრდნობილნი. ხაფაზურს ისე უყვარდა ხელაშვილი, შემდგომში სინათლედაკარგულს, ლამის შუქი უდგებოდა თვალში მის ხსენებაზე. ცოტა ხნის მერმე იგი კვლავ, ამჯერად საიდუმლოდ, უბრუნდება თავის მშობლიურ კუთხეს.

მიხას კიდევ ერთი დიდი სიმძიმილი შეხვდა. მოკლეს 22-24 წლების აჯანყების მონაწილე, მისი ძმადნაფიცი ხევსური გიგია. მიხა წერს ბრწყინვალე ლექსს გიგიას სიკვდილზე, სადაც ძმა-კაცს დასტირის მისი დედის პირით. დიდებულია ამ ლექსის ყოველი სტრიქონი, ყოველი სტროფი და ასევე მისი ფინალური პასაჟიც:

„ყველას ვიქმოდი რო საით გამთელდებოდეს წყლულია,
მაგრამ შენ ვერა გიშველის, სუყველა დაკარგულია,
მენაც ბევრს ვბოდავ, ბევრ აზრი გამივლის დაფანტულია,
შენ ვერას გარგებ შავ მეცვას, თუ გინდა დაქარგულია,
ღმერთმა გაცხონოს გიგიავ, აკურთხოს შენი სულია“.

ღრუბლები იქუფრება თვით მიხა ხელაშვილის თავზეც. ამას იგი თავადაც გრძნობს:

„დუშმანიც არის ბიჭებო
დიაკონ მიხასავითა“.

იტყვის იგი ერთ-ერთ ლექსში.

„მენაც თქვენსაებს მაღირსოს
შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,
სამუდმოდ ჩასაბარებლად
სამარეს ახადისასა“.

იტყვის მეორეგან ეს განწირული სული. ოღონდაც ხელაშვილს როდის ეშინის სიკვდილისა. მას ღრმად აქვს გაცნობიერებული თავისი ბედ-იღბალი და სიამაყითაც არის აღვისილი იმის გამო, რომ სამშობლოს უნდა შესწიროს სიცოცხლე. ეს ცხადლივ ჩანს ერთი მისი დახვრეტილი მეგობრის დის, პარასკოსადმი მიწერილ, 1924 წლის დათარიღებულ ბარათში:

„ნუ იფიქრებ რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. მრავალ ვაჟკაცთ თავის ნებით გადადვეს თავი სამშობლოსათვის და სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამოდენა სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულია? არა! იმათ სახელი მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის… აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა კი ამ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო… გუშინ შენი ძმა მოკლეს და ხვალ ჩემსაც იგივეს გაიგონებ. ჩვენი გზა ერთია, ხოლო იმედი მაქვს ჩვენი დები არ დაგვივიწყებენ და არც დაგვაღონებენ თავისი კაეშნით, მეტისმეტი დარდით“.

ნათელმხილველივით იწინასწარმეტყველა მიხა ხელაშვილმა თავისი აღსასრული:

„მე მამკლავს ძმისა მამკლავი,
იქნება სახელიანი?!
ჩამსხდარა ხევის ჭალასა
მთავრობა აგენტიანი“.

ეს თავისუფლებისათვის მებრძოლი სული მართლაც აგრე ჩაკლეს. მას ძმობის ნიშნად ტყვიები ჰქონდა გაცვლილი ჩარგალელ ლუკა მარცვალაშვილთან. ხელისუფალთ კი იგი მოისყიდეს, მისცეს ფული და შაშხანა იმის საფასურად, თუკი მოკლავდა ხელაშვილს. აი, როგორ მოხდა ეს:

ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ეწვია ლუკა მარცვალაშვილს შინ, ჩარგალში. ამ უკანასკნელმა გადამეტებული მასპინძლობა გასწია. ყველანაირი პატივი სცა; რაღა თქმა უნდა, ხინკალიც მიართვა მიხას და არაყიც. მერე კი ძმა-კაცთა ადათისამებრ პირიც გაპარსა.

„გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“.

ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის. ლუკამ იტკიცა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც. ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა. როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დახალ მი ყია შბშ. საბელის გარშემო მილიციის რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულნი. მათ ატეხეს სროლა, რათა ხალხს ეფიქრა, ხელაშვილი ხელისუფლებამ მოკლაო და შური არ იძიებინათ მარცვალაშვილსა და გარსევანიშვილზე. რაზმელებმა თავი მოუყარეს ჩარგალში მცხოვრებ ხელაშვილის ახლობელთ, შეაბეს ისინი მარხილში, რომელზეც შეაგდეს მიხას ცხედარი, ჩააცურეს ეს მარხილი დუშეთში და მიხას ნეშტი გაშოტეს მილიციის წინ.

 

მიხას დამ, სალომემ, მიაკითხა მისი ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა. მერმე მან ხელაშვილის ლექსისა და კაცობის პატივმცემელი ხევსური მილიციელის ხელშეწყობით მოიპარა ცხედარი, რომელიც უკვე დასახსრულიყო, რადგან ხალხის დასაზაფრად ლამის ორი კვირა მყოფობდა მილიციის კედელთან. ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში ეს დევური მხარ-მკლავი, ბევრი რამ ვაჟკაცურის შემძლე, ქართველი ერის სასიკეთოდ და დაფლა იმ ტვინთან ერთად, რომელს ასევე ძალედვა კიდევ ბევრი რამ შეეძინა ქართველი ერის პოეზიის საგანძურისათვის. ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს. აგრე გაეყარა ერთურთს მთიელთ პოეზიის მშვენებისა და სიამაყის სულ-ხორცი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 25 წლის მიხა ხელაშვილი საფლავში ჩავიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ის გაჩნდა ამ ქვეყნად.

ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მისი საყვარელი პოეტისა და რაინდის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში და იგი საშინელი წამებით მოკვდა. (იმდენად საზარი იყო გარსევანიშვილის დანაშაული, რომ ამბობენ, შემდგომში ცნობილმა ექიმმა ივანე სიხარულიძემ, ვინც იმჟამად მთაში იმყოფებოდა, დაარღვია მკურნალის ეთიკა და თვალი აარიდა შურისმაძიებელ ფშაველს, ვისაც ამ საქმისათვის საწამლავი გაჰქონდა აფთიაქიდან). მარცვალაშვილი კი კარგა ხნის შემდგომ თრიალეთიდან გაამგზავრა მოუსავლეთში ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა.

თრიალეთის მიდამოებში ხელისუფლებას გარიდებულ, ტყეს თავშეფარებულ ხალხის დასახოცად გაიგზავნა ამ საქმეში უკვე გაწვრთნილი მარცვალაშვილი. ერთ დღეს იგი თეძოზე იყო წამოწოლილი, ძალას იკრებდა ახალი კაცთმკვლელობისათვის. ამ დროს ტყიდან უეცრივ გამოეცხადა ჭიჭოშვილი.

- შენ მოჰკალ მიხა? – ჯიქურ შეეკითხა იგი მარცვალაშვილს.

ამ უკანასკნელმა წამით ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი მიხვდა საქმის ვითარებას და უტიფრად მიუგო:

- მე მოვკალ, მე და ახლა შენც ზედ მიგაყოლებ!

ამ სიტყვებთან ერთად მან ხელი გააცოცმანა ავბედითი შაშხანისკენ, მაგრამ გოგია ჭიჭოშვილმა მყის იძორ მაუზერი და სამი ტყვია დაახალა შუბლში ქველი ქართველი მამულიშვილის მკვლელს.

ასეთია ქარგა მართლაცდა კაი ყმის, მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა. ასეთია, ვითარ პოეტი იტყვის, შეთხზულიცა და სინამდვილეც მისი პიროვნების გამო. ჩაქრა ამ შფოთიერი კაცის სიცოცხლე, მაგრამ დაშთა მისი პოეზია. ოღონდ ეგ არის, არც ხელაშვილის ლექსებს ხვდა ვარდით ფენილი გზა!

ზოგმა ვერ სძლია ხელისუფალთა შიშს და მოსპო ისინი. ასე მაგალითად, მისმა ახლობელმა ყაყიტელაშვილმა ბუხარში ჩანაცრა მისი ლექსებით სავსე რვეულების დასტა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს შეეპუენ. ერთმა ფშაველმა თურმე კლდის ნაპრალში შეინახა სამომავლოდ ხელაშვილისეული სტრიქონებით დაშაშრული ფურცლების კონა. მიხას ლექსები შემორჩათ მის დებს სალომესა და პელაგიას, რომელთაც ისინი გადაულოცეს მის ქალიშვილს, თამარს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ (თუმცკი მრავალგვარ ვარიანტებად) უხვად შემოინახა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა.
ქართველმა ლიტერატორებმა ჯეროვანი პატივი მიაგეს რამ მანქანებით გადარჩენილ დაფლეთილ ფურცლებს – პოეზიის კაშკაშა მთიების ემაგ მეტეორიტებს. ღვაწლმოსილმა სწავლულმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხური სიტყვიერების ლართსაუნჯეში დაამკვიდრა ხელაშვილის მართლაცდა ბაჯაღლო ოქროსდარი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“. ახადელ ხელაი შემონაქმედს აქუჩებდნენ და მის დვრიტას განჩხრეკდნენ კალმოსანი მამულიშვილნი – გიორგი თურმანაული, ივანე ქართველიშვილი, ჯარჯი ფხოველი, ტრისტან მახაური და სხვანიც მრავალნი. ოღონდ, ჟამთა სიავის გამო, ჯერაც არ იყო შედგენილი მისი ბიოგრაფია და არ იპოვებოდა არცერთი კრებული მეტნაკლებად მაინც რომ წარმოაჩენდა ამ ძვირუხსენებლ პოეტსა და კაცად-კაცს.

ამბობენ, უკანა ფშავის დიდ ხევისბერს, პაპა ბიჭურის, ტყეში დაუფლავს ამ კუთხის ხალხის განძეული, ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთები. იგი არჩევდა თურმე იმ კაცს, ვისთვისაც შეეძლო მიენდო ეს ყოველივე. პაპა ბიჭური ისე აღესრულა, რომ ვერ მოასწრო ამის გაკეთება და განძი უკვალოდ გაქრა.

ჩვენის ფიქრით დიდი დანაკარგი იქნებოდა, თუკი დავიწყების მდინარე წაიღებდა დიდებული ქართველი მამულიშვილის, კრულ ვარსკვლავზე შობილი მიხა ხელაშვილის ცხოვრების ამბავსა და პოეზიას.

აი მიზეზი, თუ რატომაც მიმოვდიოდი წელთა მანძილზე ფშავ-ხევსურეთში; თუ რად დავიდე დიდხანობით ბინა მიხა ხელაშვილის სამშობლო კუთხეში; თუ რისთვის ვუჯექ გვიანობამდე იქაურ მკვიდრთა, ირაკლი და ბელა ციგროშვილების სახლს მოდგმულ ჯარგვალში ხის ძველ მაგიდას და ჭრაქის შუქზე ქაღალდზე გადამქონდა ბერიკაცთაგან განაგონი ფრიად სანიაზო ამბავნი განდეგილი პოეტის ცხოვრების გამო; მერმე და მერმე მასპინძლის ხანჯლისშვილათი წევერწათლილ ფანქრით ვაზუსტებდი ხელაშვილის ლექსთა სტრიქონებს, რა მივუგდებდი ყურს არაგივ ტალღებს, რომელთ ხმიანობისთვისაც ალბათ არაერთხელ მიუდევნებია მარტოსულ მეკალმეს ლექსიც და თხრობაც.

აგრე ჩამოიქნა ეს ბიოგრაფია და შეიკონა ლექსთა ეს რვეულიც, შემოსილი და წარმართებული პოეტის სულის ევოლუციის გამომსახველი წყობით და გეზით. ბუნების მშვიდი სურათები, ნაზი და ალალი სატრფიალო და სალაღობო ლირიკა, მძაფრი პატრიოტული თუ პოლიტიკური მოტივები, ღმრად ფილოსოფიური თუ რელიგიური სტრიქონები, საზარი ზმანებითა და წინათგრძნობით ნამსჭვალი სტროფები. ასეთნაირად არის აღნაგი ეს კრებული; ამგვარივეა პოეტის განწყობათა crescendo (ზეაღმავალი ჟღერადობა), რომ გვარონინებს ყარიბის მიერ თლილ გზაზედ, იდილიიდან – ტრაგედიამდე. ვაგლახ, რომ აუხდა ავი სიზმარი აბრაგ ქრისტიანს.

იმა დროებამ ბევრი ასეთი ადამიანის თავზე მრუდედ მოაბრუნა განგების ბორბალი, საქართველოს ბევრ ღირსეულ შვილს უკუღმა დაუტრიალა ცხოვრების ჩარხი, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულია მიხა ხელაშვილი, რომლის პიროვნებაში ერთმანეთს შეეზავა-შეედუღაბა ბრწყინვალე მელექსე და მედგარი მამულიშვილი.

უმძიმესი გახლდათ ის შავ-ბნელი ხანა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულებაა სიცოცხლეცა და სიკვდილიც დია ჩინებული ქართველი პოეტისა და მოქალაქის, მიხა ხელაშვილისა, ვინაც ეს ვითარება თავად გამოთქვა სულ რაღაც ორიოდ, მაგრამ ძალზედ მრავლისმეტყველი სიტყვით:

„დროის მოგონება არის
ბარისახოს დიაკონი!!!“

ედიშერ გიორგაძე –
“ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვლ”

 
სევე იხილეთ:

მიხა ხელაშვილი – ლექსები

ხათუნა ბახტურიძე – ”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი

სანდრო შანიძე – “მიხა ხელაშვილი”

გიორგი ალავერდაშვილი – “მიხა ხელაშვილი”

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი – “არაგვს ის ლექსში წურავდა”

 

 

 


მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი

 

 სალომე – მიხა ხელაშვილის და

სალომე – მიხა ხელაშვილის და

მიხა ხელაშვილის ქალიშვილი თამარ ხელაშვილი

"ლექსო ამოგთქომ ოხერო" – ხელნაწერი

 

მიხა ხლეაშვილის  ხელნაწერი

ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეფიცულთა რაზმში






ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა